პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქიბარ ხალვაშის თხოვნის შესრულებაზე უარს აცხადებს

ჩვენი წარმომადგენელი, ვერც მე და ვერც სხვა სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის თხოვნაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი სასამართლოზე ზეწოლად იქნება აღქმული.
“ცხადია, ჩვენი წარმომადგენელი – ვერც მე და ვერც სხვა სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება აღქმული სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობად. შესაბამისად, ეს ნაბიჯი ჩვენი მხრიდან არცერთ შემთხვევაში არ იქნება გადადგმული. ამ კუთხით მონიტორინგს ჩვენ ვერ განვახორციელებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს საქმე არის უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი და ჩვენ მას თვალყურს მივადევნებთ”, – განაცხადა კოჟორიძემ.
რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ პრეზიდენტმა მას დახმარება აღუთქვა, კოჟორიძის განმარტებით, ერთადერთი დახმარება, რომელსაც ბიზნესმენს ქვეყნის პირველი პირი დაჰპირდა, მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაა. კოჟორიძის შეფასებით, პრეზიდენტმა უკვე შეძლო ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა.
“მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ქიბარი. ერთადერთი, რა დახმარებაც პრეზიდენტმა აღუთქვა, არის ის, რომ მისი შესაძლებლობებიდან ყველანარიად შეეცდება, შეიქმნას მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. და ვფიქრობ, პრეზიდენტმა უკვე შეძლო ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა. თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ და ხუთი დღის წინანდელ ვითარებას, აშკარად დავინახავთ, რომ დღეს ბევრად მშვიდია სიტუაცია და ბევრად უკეთეს პირობებში შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები