თამარ სანიკიძე გერმანიაში შეხვედრებს მართავს

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია გერმანიაში იმყოფება. დელეგაციის წევრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ხელმძღვანელობით, ბავარიის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სამინისტროში სახელმწიფო მდივანს გეორგ აიზენრაიხს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და განვითარების მიზნობრივი პროგრამა განიხილეს
სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, კერძოდ, მხარდაჭერა პროფესიულ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კუთხით და მეორე – საქართველოში დუალური პროფესიული განათლების ელემენტების დანერგვის ხელშეწყობა.
მხარეთა მოსაზრებით, საქართველოში მიმდინარე პროფესიული განათლების რეფორმა სრულად შეესაბამება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს. ექსპერტთა განცხადებით, მოდერნიზებული პროფესიული განათლების ქართული სისტემა თავსებადია გერმანიის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროგრამებთან და მომავალი თანამშრომლობისთვის მყარ საფუძველს ქმნის. ბავარიის გამოცდილებით, პროფესიული განათლება ეკონომიკის წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ასევე დაგეგმილია ვიზიტები წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შტუტგარტის განათლების სამინისტროში, გერმანიის ფედერაციულ ინსტიტუტებსა და ფედერალურ დონეზე ეკონომიკის განვითარების სამინისტროში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები თამარ ქიტიაშვილი, ვერნერ ქერნი, ბავარიის განათლების სამინისტროს მასწავლებელთა განვითარების დეპარტამენტის უფროსი კლაუს პომერი და პროფესიული განათლების ექსპერტები.
ბავარიისა და საქართველოს განათლების სამინისტროების წარმომადგენელთა შეხვედრას წინ უძღოდა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქართული დელეგაციის სასწავლო ტური პარტნიორ კოლეჯებში – ანსბახსა და რეგენსბურგში, ასევე განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სამინისტროში და ხარისხისა და კვლევის ცენტრში. აღნიშნული პროექტი გულისხმობს პროფესიული განათლების სისტემის სხვადასხვა დონეზე ქართველი და ბავარიელი პროფესიული განათლების სპეციალისტებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის ხელშეწყობას. დელეგაციის წევრები გაეცნენ მასწავლებელთა მომზადებისა და განვითარების მოდელს გერმანიაში და ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მასწავლებელთა ტრენინგის პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები