რომელი კომპანიები მიიღებენ სახელმწიფო სუბსიდიას – ოთარ დანელიას განცხადება

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს ციტრუსის მოსავალი 40 პროცენტით უფრო მეტია, ვიდრე გასულ წელს იყო.
მისივე თქმით, ქართული ციტრუსი ექსპორტზე უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში გავა. „ნარინჯისფერი რთველი“ უახლოეს დღეებში დაიწყება.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი (არასტანდარტული) მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას განახორციელებენ. გასული წლის მსგავსად, პროექტის ფარგლებში კომპანიები, რომლებიც ერთი კილოგრამი სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს, არანაკლებ 0,20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან ერთ კილოგრამ მანდარინზე 0,10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. ამას გარდა, კომპანიებს საშუალება აქვთ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის საბრუნავი კომპონენტის ფარგლებში კრედიტი აიღონ, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წელს ციტრუსის სავარაუდო მოსავალი 100 ათას ტონაზე მეტი იქნება. მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია, სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება“,- აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, “ნარინჯისფერი რთვლის” ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ბათუმში სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობაში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება. 9.00-დან 21.00 საათამდე იმუშავებს „ცხელი ხაზი“ – 2-47-01-01.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები