აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის 12- კილომეტრიანი (კმ1–კმ4; კმ9–კმ16) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზას 40 წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია და აქ ოდესღაც არსებული ასფალტის საფარისაგან თითქმის არაფერი იყო დარჩენილი. მოსახლეობა ამორტიზებული გზის ნაცვლად, მინდვრების გავლით გადაადგილდებოდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი; მოეწყო გზის საყრდენი კედლები და გვერდულები. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნულ გზაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია, ასევე, ბეტონის კიუვეტებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული გზა ერთმანეთთან 5 სოფელს აკავშირებს და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის პირობით ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიდის. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება კონტრაქტით განსაზღვრულ ვადაზე ადრე – 2016 წლის ნაცვლად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
პროექტის ღირებულება 5 მილიონ 194 ათას ლარს შეადგენს და მსოფლიო ბანკის კრედიტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებზე 90 ადამიანი დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები