დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ ჰუმაიუნ რასას შეხვდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა სამძიმარი გამოთქვა 26 ოქტომბერს ავღანეთში მომხდარი ძლიერი მიწიძვრისას გარდაცვლილთა გამო, რომლის დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და შემდგომი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.
ავღანეთის მინისტრმა დიდი ინტერესი გამოთქვა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ. აღინიშნა, რომ მათი მეშვეობით საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბიზნესგარემო და ქვეყანა გახდა უცხოური კაპიტალისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ბაზარი მსოფლიოს მასშტაბით.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მეწარმეობის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
ავღანეთის მინისტრი განსაკუთრებით დაინტერესდა პროგრამით :„აწარმოე საქართველოში“. აღინიშნა, რომ 2013-2015 წლებში მეწარმეობის ხელშეწყობის მეშვეობით ადგილობრივმა კერძო სექტორმა 60 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „აბრეშუმის გზის“ სატრანზიტო კორიდორსა და „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რომლის მუშაობაში ავღანეთის სამთავრობო დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა. ავღანეთის მინისტრმა აღნიშნულ მიმართულებას მნიშვნელოვანი უწოდა როგორც საქართველოსთვის, ასევე ავღანეთისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე ტურიზმის, ინოვაციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სხვა მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები