დავით დვალი: „რუსთვი 2″-ის ზოგიერთი ჟურნალისტი პარტიულ მუშაკად წავიდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ჟურნალისტებს შანსი უნდა მიეცეთ. ის “ნეტგაზეთთან” საუბრობს იმ გარემოებებზე, რის გამოც მან და ჯარჯი აქიმიძემ (“რუსთავი 2”-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი) 2004 წელს ტელეკომპანიის წილის 60% დათმეს.
კითხვაზე, ხომ არ აქვს ისეთივე „ზონდერ-ჟურნალისტების“ სია, რომელიც ბიზმესნენ ქიბარ ხალვაშს აქვს, რომლის თქმითაც, მისი “რუსთავი 2”-ში მისი დაბრუნების შემთხვევაში არხზე ვერ იმუშავებენ, დვალი აცხადებს, რომ არანაირი მსგავსი სია არ აქვს. “არანაირი სია არ მაქვს. ჩვენ მანამდე გვქონდა ეგეთი დამოკიდებულება, რომ მე, ეროსი და ჯარჯი ვიყავით კედელი, რომლის უკანაც ეს ბაშვები იდგნენ. მე არ ვიძახი, რომ ყოველთვის სამართლიანად იქცეოდნენ. მათ სულ ყოველთვის ჰქონდათ იმის იმედი, რომ ჩვენ დავიცავდით და ისინი რაღაცის პირისპირ თვითონ არ იდგნენ. 2004 წლის შემდეგ ეგ შეიცვალა. ერთ მშვენიერ დღეს ეგ ხალხი სრულიად დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელშიც თვითონ უნდა გადაერჩინათ თავი… ამიტომ არავისთან არ მაქვს პრეტენზია. ყველა შეეცადა თავი გადაერჩინა, ვიღაც პარტიულ მუშაკად წავიდა, ვიღაც სადღაც წავიდა, ვიღაცამ დაკვეთილი სიუჟეტების კეთება არჩია… არვისთან მაქვს პრეტენზია. პირველ რიგში, ჩემს თავს და ჩვენს თავს ვადანაშაულებ, რადგან ეს ხალხი უმძიმესი არჩევანის წინაშე დავაყენეთ. დღეს გამოვიდე და ვიღაცაზე ზონდერი ვთქვა, ჩემი მხრიდან უსინდისობა იქნება. განა მომწონს, რასაც აკეთებენ, მაგრამ კატეგორიულად არ ვთვლი ზონდერებად. მით უმეტეს, იმ გადაცემის ნახვის შემდეგ მე გულშემატკივრობის განცდა უფრო გამიჩნდა იმასთან დაკავშირებით თუ რა მდგომარეობაში არიან ახლა. მანდ ისეთი ატმოსფეროა, რომ, დარწმუნებული ვარ, ეგენი 2012 წლიდან თვლიან, რომ მტრის გარემოცვაში არიან, იბრძვიან გადასარჩენად… ექსტრემალურ სიტუაციაში ვინ რას აკეთებს, მაგის განხილვა არ გვინდა. მე ასე ვთვლი, რომ ნებისმიერს მაგ ადამიანებიდან შანსი უნდა მივცე. თუ ვინმე თვითონ იტყვის, რომ ზონდერი ვარ, პარტიული მუშაკი ვარ და შენთან არ ვიმუშავებო, კი ბატონო, მაგრამ მე მანდ ადამიანებს არ ვყოფ ზონდერებად და არაზონდერებად”, – აცხადებს დვალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები