„წინა ხელისუფლებასთან “რუსთავი 2”-ის წილის გადაფორმების შემდეგაც მქონდა შეხვედრები“

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, დღეს იმდენად შორსაა “რუსთავი 2”-ის დაბრუნების რეალობიდან, რომ მისი მხრიდან სამომავლო გეგმებზე საუბარი ცოტა სასაცილო იქნება.
დვალმა “ნეტგაზეთთან” იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის გამოც მან და ჯარჯი აქიმიძემ (“რუსთავი 2”-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი) 2004 წელს ტელეკომპანიის წილის 60% დათმეს.
კითხვაზე, როგორი იქნება “სამართლიანობააღდგენილი “რუსთავი 2” თუ მას ის დაიბრუნებს, დვალი აცხადებს, რომ ბევრი იდეა აქვს, თუმცა ამაზე ახლა საუბარი არ სურს.
“მიუხედავად იმისა, რომ თავში ბევრი იდეა მიტრიალებს, არ მინდა მაგ საკითხზე ახლა ლაპარაკი. დღეს იმდენად შორს ვარ “რუსთავი 2″-ის დაბრუნების რეალობიდან, რომ ჩემი მხრიდან ცოტა სასაცილო იქნება”, – განაცხადა დვალმა. მისი თქმით, თუ არხს დაიბრუნებს, მისი ძმა გია დვალი, რომელიც თანამშრომლობს ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან ერთ-ერთი სერიოზულ პროექტზე, მასთან ინტერესთა კონფლიქტში არ იქნება. “გიას უნდა იცნობდეთ, რომ კარგად მიხვდეთ. არასდროს მომხდარა გიას მეშვეობით კომუნიკაცია ჩემსა და ბიძინას შორის. არასდროს არ ჩარეულა. ღმერთმა ქნას და ყველაფერი კარგად დასრულდეს და მე დავიბრუნო ის, რაც მეკუთვნის. მე ადამიანი ვარ და ყოველთვის ძალიან კარგად მემახსოვრება, ვინ წამართვა ტელევიზია და როდის გახდა შესაძლებელი მის დაბრუნება. მე პირობას ვიძლევი, იმისათვის, რომ ჩემი დამოკიდებულებები არაფერში გამოვლინდეს, ჩავდებ შესაბამის მექანიზმებს. მაქვს მაგაზე იდეები. თუ ჩემს მსჯელობებს დაკვირვებიხართ, თუნდაც ფეისბუკზე, არვითარი მუდმივი პიროვნული ფასეულობები ჩემთვის არ არსებობს. თუ ვიღაც იქით აკეთებს კარგს, იმას ვაქებ, ვიღაც არ მოწმონს იმას ვლანძღავ. არ მაქვს ეგ დამოკიდებულება. ზუსტად ეგ იყო მიზეზი, რის გამოც მე მე-9 არხზე არ წავედი. მეტი რითი დავამტკიცო, რომ არ არის ჩემთვის ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი”, – აცხადებს დვალი. მისი თქმით, წინა ხელისუფლებასთან “რუსთავი 2”-ის წილის გადაფორმების შემდეგ ჰქონდა შეხვედრები, იგივე როცა “ჯორჯიან ონლაინი” გაყიდეს, საინვესტიციო წინადადებები მოსცეს და სრულიად კონსტრუქციული თემები იყო ამგ თვალსაზრისით.
“მე მტრად არ მიმიღია ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმა იყო ის, რაც მოხდა. აკვიატებული აზრი არ მაქვს, რომ ვიღაც მეზიზღება, უნდა დასამარდეს და ასე შემდეგ. იმას, ვინც მეუბნება, რომ ის სტიგმა, რომ ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში დავიბრუნეთ წილი, მაინც იარსებებსო, ყოველთვის ვეკითხები ხოლმე, რა ვქნა? ამ მსჯელობას რომ მივყვეთ, მისი ლოგიკა იცით რა იქნება, რომ არასდროს აღარ უნდა დავიბრუნო, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება (ნაციონალების გარდა, ვისაც ეს ტელევიზია აქვს) ბედნიერი იქნება და ყოველთვის იქნება ეჭვი, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს პროცესში. თუ ნაციონალები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ისინი რომ თავისი ნებით არ მომცემენ, ეგეც ფაქტია. დავრჩენილვარ მაშინ ასე. სამართალს რაღა ვუყოთ?”, – აცხადებს დვალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები