„ნაციონალური მოძრაობა“ მილსადენის რუსეთისთვის მიყიდვის მიზნით „გაზპრომთან“ დიდი ხნის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა“

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას მილსადენის რუსეთისთვის მიყიდვის მიზნით „გაზპრომთან“ დიდი ხნის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა“, – განცხადება ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

მისი განმარტებით, ამ შეთანხმებას ხელი ამერიკულმა მხარემ შეუშალა. არეშიძის განცხადებით იმისთვის, რომ მილსადენი რუსეთზე გასხვისებულიყო, საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მას 2010 წელს სტარტეგიული ობიექტის სტატუსი მოუხსნა.

რაც შეეხება დღეს „გაზპრომთან“ არსებული მოლაპარაკებების გამო საზოგადოების ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას, ექსპერტის განცხადებით, ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გაზის ალტერნატიული წყაროც გვექნება, თუმცა, არეშიძის თქმით, ეს არ იქნება იმ რაოდენობის, რომ მან საქართველოში აზერბაიჯანული გაზი ჩაანაცვლოს.

„გაზპრომის“ გაზი, რომელიც რუსეთ – სომხეთის მილში გადის, რაც არ უნდა გაიზარდოს, იმ რაოდენობის ვერ იქნება, რომ მან აზერბაიჯანული გაზი ჩაანაცვლოს. გაზის პროექტში სტრატეგიული ბმა საქართველო – აზერბაიჯანისა არ შეიცვლება. არ ვარგა, როდესაც გაზის მოწოდების მონოპოლისტი მთლიანად ერთი კომპანიაა. თუ მოხერხდა ისე, რომ ჩვენ გვექნა საშუალება, ირანიდანაც მივიღოთ გაზი, ნაწილი მივიღოთ სხვა გზითაც, თავისთავად ურიგო არ იქნება. მილსადენს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, სტრატეგიული ობიექტის სტატუსი ჰქონდა. ამ მილსადენის გარშემო დიდი ხნის განმავლობაში ვაჭრობა მიდიოდა და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მას სწორედ „გაზპრომს“ სთავაზობდა. ამაში მოგვიანებით ამერიკელები ჩაერივნენ, „მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში გამოიყო 49,5 მილიონი დოლარი, რომ ქართულ მხარეს ეს სტრატეგიული ობიექტი რუსეთისთვის არ მიეყიდა. როგორც კი ამერიკულ მხარესთან დადებული ხელშეკრულება ამოიწურა, 2010 წელს კი ქართულმა მხარემ მილსადენს სტრატეგიული ობიექტის სტატუსი მოუხსნა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე მიეყიდათ მილსადენი რუსული მხარისთვის. რომ არა მოვლენების განვითარება, რომელმაც ხელი შეუშალა ამ მოლაპარაკებას, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად იყო, მილსადენი რუსეთისთვის მიეყიდა. რომ არა ამ საქმეში ამერიკელების ჩარევა, ეს მილსადენი რუსეთზე კარგა ხნის მიყიდული იქნებოდა. თუ მილსადენში მეტმა გაზმა გაიარა, ეს იქნება კარგი იმისთვის, რომ ქვეყანაში დამატებითი შემოსავლები შემოვიდეს, კარგი იქნება დივერსიფიკაციისთვის, რომ მომწოდებელი მარტო ერთი არ იყოს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ექსპერტის განცხადებით, ამ დრომდე კითხვები რჩება 2006 წლის ზამთარში რუსეთიდან შემომავალ ცენტრალურ გაზსადენზე და ელექტროგადამცემზე აფეთქებასთან დაკავშირებით. არეშიძის თქმით, მაშინ ინგუშეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობდნენ, რომ აფეთქების საქმეში სწორედ ქართველების ხელი ერია.

„2006 წელს გაზსადენის აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც საქართველო გაზისა და დენის გარეშე დარჩა. საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ მაშინ დაიწყო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები. 2007 წელს მე ინგუშეთიდან ჩამოვიტანე ამბავი, ინგუშეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, როგორც ვითარებასთან, ისე ჩვენთან დაახლოებულმა პირებმა, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მითხრა „აფეთქების კვალი საქართველოში ეძებეთ“. ინგუშები არ გამორიცხავდნენმ რომ აფეთქების საქმეში ქართველები იყვნენ გარეულები. რა ფორმით და როგორმ სამწუხაროდმ ვერ გამოვიკვლიეთ“, – აღნიშნა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები