საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს – რას აცხადებს ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განუცხადა. კობიაშვილმა განმარტა, რომ კერძო აუდიტორული კომპანიის შეყვანა ფედერაციაში განპირობებულია იმ მძიმე ფინანსური მდგომარეობით, რაც დახვდა.
კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციას დავალიანებები აქვს “ვითიბი” ბანკთან, უეფასთან, კონტრაქტორებთან. ასევე გაურკვეველი შეთანხმებებია დადებული სხვადასხვა კომპანიასთან არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. კობიაშვილით თქმით, ეს დავალიანებები, დადებული ხელშეკრულებები, სერიოზულ კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ თანხები არამიზნობრივად გაიფლანგა. რაც შეეხება დავალიანებების დეტალებს, კობიაშვილის თქმით, საუბარია რამდენიმე მილიონზე. მისვე განცხადებით, პარალელურად “ვი-თი-ბი“ ბანკთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მოხერხდეს გადავადება ან გრაფიკით დაფარვა.
“ვი-თი-ბი ბანკთან” ფედერაციას აქვს 3 მილიონი ლარის დავალიანება. ვსწავლობთ, თუ რა მიზნით მოხდა ამ თანხის აღება და დახარჯვა. ბანკთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ მოხერხდეს გადავადება ან გრაფიკით დაფარვა. უეფასთან არის 2 მილიონი ევროს ოდენობით დავალიანება. ეს თანხა უეფას უნდა გადმოერიცხა 2016 წელს, თუმცა ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ მიმართა უეფას და ეს თანხა დაგეგმილზე ადრე გადმოირიცხა იმ მიზნით, რომ კლუბებს დახმარებოდნენ. კლუბებს ეს თანხები რეალურად გადაურიცხეს, თუმცა გადარიცხულია 2 მილიონზე ნაკლები თანხა, დანარჩენი კი სად წავიდა, ჩვენთვის უცნობია. ამავე ორგანიზაციასთან არსებობს 480 000 ევროს ოდენობით დავალიანება, იქიდან გამომდინარე, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვიდან ეს თანხა ფედერაციას უეფასთვის არ გადაურიცხავს. სად არის ეს თანხა და სად წავიდა ჩვენთვის უცნობია. ჩვენ ვიყავით უეფაში, გავმართეთ ამ უხერხულ საკითხებზე შეკითხვები და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა, არის სხვადასხვა კომპანიებთან და ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ფედერაციის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებზეც კობიაშვილის თქმით, საკმაოდ სოლიდური თანხებია გათვალისწინებული. მისივე თქმით, ასევე გაფორმებულია ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიებთან საპიარო საკითხებზე, თუმცა ვის ხმარდებოდა ეს პიარი და ვისთვის იყო გათვალისწინებული უცნობია.
“ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან გაფორმებულია ორწლიანი ხელშეკრულება, რომელიც სოლიდურ თანხებს ითვალისიწნებს. ეს ხელშეკრულება გაფორმდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და საინტერესოა, ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ გეგმავდა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება ორი წლის ვადით გაფორმებულიყო.
ასევე გაფორმებულია ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიებთან საპიარო საკითხებზე, თუმცა ვის ხმარდებოდა ეს პიარი და ვისთვის იყო გათვალისწინებული უცნობია. საგულისხმოა, რომ ამ ხელშეკრულებებში ნახსენებია სიტყვა კონფიდენციალური, შესაბამისად, ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ. ეჭვი გვაქვს, რომ თანხები არამიზნობრივად არის დახარჯული, რაც შესწავლას საჭიროებს”, – განაცხადა კობიაშვილმა. მისივე თქმით, ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია აუდიტორული კომპანიის დასკვნა გადაიგზავნება თუ არა საგამოძიებო უწყებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები