გრიგოლ გიორგაძე: მალე 561 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში ბინას მიიღებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თბილისის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
როგორც მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე აღნიშნა, წლის ბოლომდე უნდა განაწილებულიყო 541 ბინა, თუმცა, სამინისტრომ ქართველი მენაშენეებისგან დამატებით კიდევ 20 ბინა შეიძინა. შესაბამისად, მალე 561 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში ბინას მიიღებს. მისივე თქმით, სიების გამოქვეყნებისგან სამინისტრო ჯერ თავს იკავებს, ვინაიდან რამდენიმე ოჯახის მონაცემები გარკვეულ კითხვებს ბადებს და ამ ეტაპზე დამატებითი მოკვლევა მიმდინარეობს. გარდა ამისა, 27 ოთხოთახიანი ბინა გასანაწილებელი დარჩა, რადგან, კრიტერიუმების შესაბამისად, ქულების რაოდენობა ნულ ქულამდე ჩამოვიდა.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში, გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა, შედიოდნენ სახალხო დამცველის აპარატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), კონსორციუმ „სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG), რომელიც 4 ორგანიზაციას აერთიანებს, ასოციაცია „თანხმობას“, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, დაასრულა თბილისის ბინების განაწილების პროცესი.
კომისიის მუშაობა გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და ის ღია იყო ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს: ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა; სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით, კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.
სამინისტრო ცდილობს, ბინების განაწილებისას სამივე მიმართულებით პროპორციულად მოხდეს დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით.
დღევანდელი მონაცემებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა ბინების განაწილების პროცესი. შეირჩა ის 534 დევნილი ოჯახი, რომელიც ამ ეტაპზე ბინით დაკმაყოფილდება. მათ შორის, თბილისის ზღვაზე, „ჰუალინგ ჯგუფისგან“ 330 და ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდულ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში 204 დევნილი ოჯახი დაიდებს ბინას.
სავარაუდოდ, შეიძლება თბილისში დარჩა ოჯახები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო დროულად ვერ მოახერხეს აპლიკაციების შევსება და არსებობს საშიშროება იმისა, რომ უფრო მოწყვლადი მრავალსულიანი ოჯახი დარჩეს ბინის გარეშე. ამიტომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებით გამოაცხადოს კონკურსი. განაცხადების მიღება 21ოქტომბერს დაიწყება და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება (მისამართი: ვაჟა – ფშაველას N16, მესამე სართული).
სამინისტრო მხოლოდ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს დაზუსტებულ სიებს. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 10 010-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები