კახა კალაძე: სააკაშვილს რომ ჩანაფიქრი განეხორციელებინა, დღეს პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტის გარეშე ვიდგებოდით რუსეთის წინაშე

2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით “გაზპრომთან” აქტიურ მოლაპარაკებებს მართავდა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები, მილსადენი გაიყიდებოდა.
„შეგახსენებთ, 2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა აქტიურ მოლაპარაკებებს „გაზპროპმთან“ ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით და რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები, მე დარწმუნებული ვარ, რომ მილსადენი გაყიდული იქნებოდა. მაშინ აშშ-ს მთავრობამ გარკვეული თანხები გამოყო ამ მილსადენის სარეაბილიტაციოდ და ხელშეკრულებაში კონკრეტულად ჩაიწერა, რომ საქართველოს მთავრობას ეკრძალება ამ მილსადენის გასხვისება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მაშინ, სააკაშვილს და მის გარემოცვას რომ თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინათ, დღეს ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტის გარეშე ვიდგებოდით რუსეთის წინაშე და რეგიონში აუტსაიდერის როლით დავკმაყოფილდებოდით.
“მე დღეს წარმოგიდგენთ ფაქტებს, დოკუმენტებს, ციფრებს და ყველას მოგიწოდებთ თავისი სახელი დავარქვათ ყველაფერს. ბოლო წლებში კი არა, უკვე ბოლო თვეების დინამიკაში იცვლება რეგიონში მოვლენები, საქართველოს დომინანტი როლი, მომგებიანი გეოპოლიტიკური განლაგება და სამომავლო პერსპექტივები ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია. ჩვენ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა – ისინი ცხოვრობენ პერსპექტიულ, განვითარების გზაზე მყოფ ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებში და პოლიტიკის წარმოებაში თავისი არცთუ უმნიშვნელო და ზოგ საკითხებში საკვანძო ადგილი აქვს. საქართველოს აქვს წონა და დანიშნულება მტრისთვისაც და მოყვარისთვისაც. და ამას გონივრულად უნდა მივუდგეთ. ამჯერად მაინც უნდა უარი ვთქვათ პოპულიზმზე, პარტიულ და პირად ანგარებაზე და შევხედოთ ქვეყნის მომავალს. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მისი ინტერესების დაცვა არის ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება, მიზანიც და მოტივაციაც, რათა დაცული იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქე, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება“,-აღნიშნა კალაძემ.

12170658_416755415197314_2138581459_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები