ხობში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თვითლიკვიდაცია გამოაცხადეს და „ქართულ ოცნებას” შეუერთდნენ
“თავისუფალი დემოკრატების” ხობის ორგანიზაცია დღეიდან ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ დღეს ხობში გამართულ ბრიფინგზე ამავე პარტიის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილმა ლიდერმა ნუგზარ შუშანიამ განაცხადა. შუშანია პარტიის ლიკვიდაციის მიზეზად “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ალიანსს ასახელებს.
ნუგზარ შუშანიას განცხადებით, მისთვის და ხობის ორგანიზაციის 70 წევრისთვის მიუღებელია პარტიის ლიდერების ალიანსი “ნაციონალებთან”. ამის მაგალითად მან გუშინდელი დღე მოიყვანა, როდესაც ბუკა პეტრიაშვილი და პარტიის სხვა ლიდერები “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად გამოხატავდნენ. მისივე განმარტებით “რუსთავი 2” არ არის დამოუკიდებელი მედია და ის “ნაციონალური მოძრაობის” მთავარ რუპორად დღემდე ითვლება.
“თავისუფალი დემოკრატების” რიგები დღეს ხობში პარტიის 70-მდე წევრმა დატოვა. პარტიის ყოფილი ლიდერის განცხადებით, მათ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მხარს ორასზე მეტი ადგილობრივი მხარდამჭერიც ეთანხმება. “თავისუფალი დემოკრატების” ხობის ორგანიზაციის 70 წევრი და ორასზე მეტი მხარდამჭერი დღეიდან “ქართული ოცნების” რიგებს შეუერთდება.
წყარო: smo.org