კახა კალაძე: “გაზპრომთან” დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი

“გაზპრომთან” დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ 21 დამატება გაფორმდა ვადის გაგრძელებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის დარეგულირების მიზნით.
“ეს, პირველ რიგში, ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვინც ამ თემაზე ყველაზე მეტს ყვიროდა და ყველაზე მეტს საუბრობდა. “გაზპრომთან” დღეს მოქმედ ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი და მას შემდეგ 21 დამატება გაფორმდა ვადის გაგრძელებისა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის დარეგულირების მიზნით”, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის თქმითვე, “გაზპრომთან” არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრები იმართებოდა წლების განმავლობაში, სააკაშვილის რეჟიმის დროსაც და მანამდეც.
“გარდა ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზისა, ომის შემდგომაც კი ხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება რუსეთიდან. მაგრამ, რატომღაც, ამ ფაქტებს ივიწყებენ და არავინ საუბრობს. არსებობს პოლიტიკური მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც ყველაზე მარგინალმა, ბანკროტმა პოლიტიკოსმა თუ პარტიამ არ უნდა გაადაბიჯოს. გასაგებია, რომ არჩევნების წელი მოდის და პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიები, პოლიტიკოსები შეეცდებიან, რომ მოსახლეობას რაღაცით შეახსენონ თავი”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები