თეა წულუკიანი უკრაინაში დასაქმებულ “ნაციონალ” ძალოვნებს ურჩევს, გამოიძიონ, თუ როგორ მოხვდა იქ “კასრების კადრები”

კარგი იქნება, თუ უკრაინაშიც, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც დღეს სამართალდამცავ ორგანოებში არიან, დაიწყებენ გამოძიებას, უკრაინის სააგენტოში როგორ მოხვდა ე.წ. კასრებში აღმოჩენილი კადრები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, მისთვის მიუღებელია აღნიშნული კადრების საჯაროდ გავრცელება.
“ძალიან დიდი წინააღმდეგობა მაქვს და ვგმობ იმას, რომ ბავშვებმა, არასრულწლოვნებმა, ან იმ ადამიანებმა, ვისაც არ აურჩევია, უყუროს ამ კადრებს, ეს კადრები თავისით ეცეს მათ თვალში. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი.
რაც შეეხება თვითონ კადრების არსებობას, ეს კადრები არის სისხლის სამართლის პროცესის ნაწილი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ კასრების საქმეზე 11 პირია დამნაშავედ ცნობილი, არაერთი მათგანი დღეს იხდის სასჯელს, 2 მათგანი – მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა საერთაშორისო ძებნაში არიან. ერთი პირი, რომელიც იყო საერთაშორისო ძებნაში, პროკურატურამ უკვე ექსტრადიციის გზით ჩამოიყვანა და დღეს ის ზის ქართულ ციხეში და იხდის ამ უმსგავსო საქციელისთვის, ამ უმძიმესი დანაშაულისთვის სასჯელს”, -განაცხადა თეა წულუკიანმა.
თუმცა, მინისტრს მიაჩნია, რომ კადრების გავრცელებას აქვს თავისი წესები, თუმცა ეს კადრები არ უნდა განადგურდეს და ვერ განადგურდება, რადგან ისინი არა მხოლოდ სისხლის სამართლებრივი პროცესის ნაწილია, “არამედ არის ჩვენი წარსულის ნაწილი”.
“ისინი უნდა იქნეს შემონახულნი, მაგრამ მისი გავრცელების წესი ყველამ უნდა დაიცვას. როცა გავა ძალიან ბევრი წელი, ეს იქნება ისტორიული მტკიცებულება იმისა, თუ ვინ გვმართავდა 9 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში.
მაგრამ, მოდი, დავიცვათ ჩვენი ბავშვები, დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ამ კადრების შემყურენი გუშინ იყვნენ მორალურ შოკში, დავიცვათ ისინი და ადამიანებს მივცეთ არჩევანის თავისუფლება – ვისაც სურს, ნახავს ამ კადრებს, ვისაც არ სურს, არ ნახავს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები