ზუგდიდის მერი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ე.წ. კასრების კადრების საჯარო ჩვენების ორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მერია არ ყოფილა.
რაც შეეხება მერის ადგილზე ყოფნის მიზეზს, გოგოხიას თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რის თავიდან ასაცილებლადაც მან ადგილზე მისვლა გადაწყვიტა.
“ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გამართულ ჩვენებასთან დაკავშირებით ცალსახად ვაცხადებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძოდ კი მერია და მე, ქალაქის მერი ამ ჩვენების ორგანიზატორები არ ვყოფილვართ. ვფიქრობთ, რომ ეს დეზინფორმაცია მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და მიმართულია ჩვენი დისკრედიტაციისკენ. ფილმის ჩვენების ორგანიზატორი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია (,,საზოგადოებრივი აზრის დარბაზი“) გახლდათ. რაც შეეხება ჩემი იქ ყოფნის მიზეზსა და მიზანს – ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რის თავიდან ასაცილებლადაც ჩავთვალე საჭიროდ, ადგილზე მივსულიყავი და აგვერიდებინა ეს დაპირისპირება, რაც, საბედნიეროდ, მოვახერხეთ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ქალაქ ზუგდიდში ე.წ. ,,კასრების კადრების“ საჯარო ჩვენების ორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მერია არ ყოფილა”,- ნათქვამია ქალაქ ზუგდიდის მერის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.