თეა წულუკიანი: ქართული მხრიდან გამოძიებისთვის მაქსიმუმია გაკეთებული, ახლა უკვე ჰააგის პროკურორის ჯერია

ქართული მხრიდან გამოძიებისთვის მაქსიმუმია გაკეთებული. ახლა უკვე დადგა ჯერი, რომ ჰააგის პროკურორი ჩაერთოს და ეს პროცესი შორს წაიყვანოს. ამიტომაც, მგონია, რომ ქალბატონი ბენსუდა მიიღებს თანხმობას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრი იმედოვნებს, რომ ბენსუდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატრების ნებართვას მიიღებს, რადგან ქართულმა მხარემ საქართველოში გამოძიების რესურსი ამოწურა.
“ჰააგის პროკურორმა გვითხრა, რომ ის დაელოდება პასუხს ჰააგის მოსამართლისგან, მიეცემა თუ არა ნებართვა, თავად გამოიძიოს და ჩაერთოს ჩვენთან ერთად აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში. მას მხოლოდ მოთხოვნა აქვს წარდგენილი და მოსამართლის თანხმობას ელოდება. როგორც ის ამბობს, თანხმობის მოპოვებამ შეიძლება წაიღოს ერთი, ან ორი, ოთხი, ან მეტი თვე. პალატა, რომელიც ამ ნებართვას იხილავს, სამი მოსამართლისგან შედგება, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან ჩვენ საქართველოში ამოვწურეთ გამოძიების რესურსი. მიუხედავად იმისა, რომ 6 ათასი მოწმე დაიკითხა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ადამიანი და ოჯახი არის დაზარალებულად ცნობილი, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სულ რამდენიმე კილომეტრში გვყავს ოკუპანტი. ისინი ჩვენთან, რა თქმა უნდა, არ თანამშრომლობენ. შესაბამისად, ქართული მხრიდან გამოძიებისთვის მაქსიმუმია გაკეთებული. ახლა უკვე დადგა ჯერი, რომ ჰააგის პროკურორი ჩაერთოს და ეს პროცესი შორს წაიყვანოს. ამიტომაც, მგონია, რომ ქალბატონი ბენსუდა მიიღებს თანხმობას”, – განაცხადა წულუკიანმა.
დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას შეეხო. ფატუ ბენსუდა საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მას 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება სურს. აღნიშნულთან დაკავშირებით ის დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდება, რის შემდეგაც პრესკონფერენციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები