„პოზიცია“ დარწმუნებულია, რომ ჰააგის მოსამართლეები აგვისტოს ომზე სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებენ

„ჰააგის სასამართლოს საერთაშრისო გამომძიებლების ჯგუფი ყველა იმ კითხვას გასცემს პასუხს, რომელსაც როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება წლებია ელოდება. 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულები, ომის მიზეზები, ჰქონდა თუ არა ადგილი ეთნიკურ წმენდას, ქონების მასობრივ განადგურებას და სხვა, ეს ის საკითხებია, რომლის გამოძიება რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და დამნაშავეები მთელი სიმკაცრით დაისაჯონ“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოს, დაინტერესების გარეშე, წლების წინათ უნდა გაეცა დაგროვილ კითხვებზე პასუხი.
„საერთაშორისო გამომძიებლების ჯგუფი ჰააგის სასამართლოს პროკურორის ხელმძღვანელობით უკვე თბილისშია. იმედის მომცემია, რომ პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიება მოითხოვა. მისი სიტყვები, რომ არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ 2008 წლის კონფლიქტისას ადგილი ჰქონდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ქართველების განდევნის კამპანიას და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმებს, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოაგდეობისთვის. ყველამ უნდა ვიცოდეთ, 2008 წელს რისთვის დაიღუპნენ სამოქალაქო პირები, რატომ გახდა იძულებული 20 000-მდე ეთნიკური ქართველი, დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი; რატომ გაუნადგურეს 5 000-ზე მეტ ადამიანს მამაპაპისეული ქონება. „პოზიცია“ დარწმუნებულია, რომ ჰააგის სასამართლოს ჯგუფი ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანს“, – აცხადებს გურამ ადამაშვილი.
მისივე თქმით, გამოძიების პროცესში ჰააგის სასამართლოს ჩართვა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შეუძლიათ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც შევიდნენ და სრულფასოვანი გამოძიება აწარმოონ, რაც ქართული მხარისთვის შეუძლებელი იყო.
როგორც ადამაშვილი აღნიშნავს, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეთნიკური წმენდაა. „თავად ჰააგის პროკურორიც აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველების რიცხვი 75%-ით არის შემცირებული. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დამტკიცდება“, – აცხადებენ „პოზიციაში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები