ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ მნიშვნელოვან ღონისძიებად აფასებს

ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ვალერი დილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ მნიშვნელოვან ღონისძიებად აფასებს.
ამის შესახებ ვალერი დილიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მთავრობის ადმინისტრაციაში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე. ხაზი გაესვა საქართველოში ყირგიზი ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვან დინამიკას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აბრეშუმის გზის სარტყელის განვითარების კუთხით თბილისის ფორუმის მნიშვნელობას.
„მე მივულოცე საქართველოს პრემიერ–მინისტრს კარგად ორგანიზებული ფორუმის გამო. ვფიქრობ, ფორუმმა ნამდვილად მიაღწია მიზანს, რომელიც იყო ჩაფიქრებული. იმედი მაქვს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ იქნება ყოველწლიური და თბილისში შეიკრიბებიან ბიზნესმენები, სახელმწიფო მოღვაწეები, რათა იმსჯელონ ახალი აბრეშუმის გზის პროექტზე. ვფიქრობ, დღევანდელმა ფორუმმა ნამდვილად მისცა ბიძგი ახალ პროექტებს, რაც ქვეყნების კეთილდღეობას, პირველ რიგში კი საქართველოს ინტერესებს მოემსახურება,“–განაცხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს”, რომელიც 15-16 ოქტომბერს იმართება, 32 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები