2008 წლის ომის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს – ჰააგის პროკურორი

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს“,- ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას მიერ ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.
განცხადების თანახმად, პროკურორი “ომის დანაშაულად” “მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმას” მიიჩნევს.
“პროკურორს გააჩნია გონივრული საფუძველი, რათა ირწმუნოს, რომ როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებზე და მათ ობიექტებზე თავდასხმაში.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველების სამშვიდობო ობიექტები მრავალჯერ მძიმედ იქნა დაცხრილული სამხრეთ ოსეთის სამხედრო პოზიციებიდან, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ქართველი მშვიდობისმყოფელი. სხვა ინციდენტის დროს კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ძალების თავდასხმის შედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30 დაჭრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზა და მასში არსებული სამედიცინო დაწესებულება განადგურდა.
ბოლო პერიოდამდე, რუსეთისა და საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები აწარმოებდნენ გამოძიებას ამ დანაშაულების ჩადენაში ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირების მიმართ. თუმცა, მოგვიანებით სამართალწარმოება საქართველოში შეფერხდა. იმის გამო, რომ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ გამოძიება კვლავ განახლდება ეროვნულ დონეზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე სხვა სახელმწიფოში არ მიმდინარეობს გამოძიება, და აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე, პროკურორი მიიჩნევს, რომ ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილების საქმე, დასაშვები იქნება პროკურორის ოფისისთვის გამოძიების ჩასატარებლად. მშვიდობისმყოფელებზე და მათ ობიექტებზე განზრახ თავდასხმის შემთხვევები ამ ეტაპზე ნაწილობრივ იქნება დასაშვები გამოძიების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე გამოძიების გათვალისწინებით.
მეტიც, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, არ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ გამოძიების დაწყება არ წაადგება მართლმსაჯულების ინტერესებს. აღნიშნულ დანაშაულთა შედეგად დაზარალებული პირები კვლავ ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას”, – აღნიშნულია განცხადებაში. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით უკვე მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები