თბილისში წლების წინ დახურული ბაღების აღდგენა მიმდინარეობს
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში წლების წინ დახურული ბაღების აღდგენა მიმდინარეობს. როგორც “კვირას“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, 2 ნოემბერს ჩუღურეთის რაიონში, კიევის ქუჩაზე 132-ე საბავშვო ბაღი დაიწყებს მუშაობას. შენობაში რამდენიმე თვის წინ სარემონტო სამუშაოები დაიწყო და აღსაზრდელთა სამი ჯგუფი შეიქმნა. 132-ე საბავშვო ბაღში ბავშვების რეგისტრაცია 15 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია მოხდება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე: კიდს.ორგ.გე. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები კიდევ ორ დახურულ ბაგა-ბაღში მიმდინარეობს, კრწანისის რაიონში N206 ბაგა-ბაღში და 109-ე ბაგა-ბაღის დახურულ ფლიგელში, სადაც უახლოეს მომავალში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყება.