თინათინ ხიდაშელმა გარდაცვლილი სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გარდაცვლილი სამხედროს, პირველი კლასის რიგითის, თამაზ თამარაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
მინისტრთან ერთად დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში მისი მოადგილე ბესიკ ლოლაძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე იმყოფებოდნენ.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ მუშაობს და ჯარისკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება.
„ჯარისკაცის გარდაცვალება ყოველთვის სამწუხაროა, განსაკუთრებით კი მშვიდობიანობის პერიოდში. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს. მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ გვერდში ამ ადამიანებს და რამდენადაც შევძლებთ, ტკივილი შევუმსუბუქოთ. მოგეხსენებათ, საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. მედიის წარმომადგენლებს მინდა ვთხოვო, რომ ეჭვებისა და სპეკულაციების გარეშე ისაუბრონ ამ თემაზე. არ შეიძლება ადამიანების ბედით და სიცოცხლით თამაში. ჩვენ პირველებმა გავავრცელეთ ინფორმაცია სამხედროს გარდაცვალების ფაქტის შესახებ. თავდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად უპრეცედენტო გამჭვირვალობის პირობებში მუშაობს და საზოგადოებას ვპირდებით, ყველა ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით. შეუძლებელია, იქცეოდე ისე, როგორც იქცეოდნენ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ამ უწყების ხელმძღვანელები. ჩვენ არ ვაპირებთ, ჩავებათ ბრალდებებისა და წინასწარ გაცემული დასკვნების მარათონში. სამხედრო პოლიცია სრულად ჩართულია საქმეში, სამი სხვადასხვა ექსპერტიზაა დანიშნული და როგორც კი იქნება პირველი შედეგები, მაშინვე გამოქვეყნდება“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
V ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის I კლასის რიგითი თამაზ თამარაშვილი ბრიგადის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. თამაზ თამარაშვილს ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს დაკრძალავენ.