სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზებით სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაცია სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“ გაიმართა.
სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემა მიზნად ისახავს საქართველოში სათესლე მასალის წარმოების განვითარებას და ხარისხიანი სათესლე მასალის გამოყენების გზით მოსავლიანობის ზრდას.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის შემუშავება-დანერგვა განხორციელდა FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში და ავსტრიის განვითერების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ასევე ჩატარდა მარცვლოვანი კულტურების საველე ინსპექტირება და მოწონებული სათესლე ნაკვეთებიდან მიღებული თესლის პარტიების ლაბორატორიული კვლევის შემდეგ, მიღებული შედეგების საფუძველზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატებიც გასცა. ნათესების ჯიშობრივი სიწმინდისა და სხვა მონაცემების აპრობაციის შედეგად, მიღებული სათესლე მასალა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
დღეს გამართული ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან უჯმაჯურიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა თესლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს, მათ მიერ წარმოებული თესლის ჯიშობრივი ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებული მარცვლეული კულტურების დაბალ ხარისხსა და მოსავლიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
„სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა აუცილებელი პირობაა ქვეყანაში საჰექტარო მოსავლიანობის გაზრდისა და მარცვლეული კულტურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. აღნიშნული სისტემის არსებობა ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებასაც შეუწყობს ხელს’’, – აღნიშნა იური ნოზაძემ.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ დონორ ორგანიზაციებს ტექნიკური მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სისტემის წარმატებით დანერგვა მეთესლეობის სექტორს მნიშვნელოვნად განავითარებს.