“მეც და განათლების მინისტრიც ვართ ისეთ ასაკში, რომ სწავლა არ გვაწყენდა სიბერემდე”

დღის მთავარ ნაწილს მოსწავლე ატარებს სკოლაში, მეორე ნაწილს კი – სახლში, ამიტომ მინდა აღვნიშნო, თქვენი როლი ადამიანის აღზრდაში არის განსაკუთრებულად დიდი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საკრებულოში მასწავლებლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა და პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცა.
პრემიერის თქმით, სახელმწიფოს იმიჯი განისაზღვრება რამდენიმე კრიტერიუმით, იმით, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო განათლებაზე და სხვადასხვა სფეროზე. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის, როგორ ზრუნავს სახელმწიფო პედაგოგებზე.
“ჩვენი ხელისუფლების პირობებში თავიდანვე განვაცხადეთ, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პედაგოგების მდგომარეობის გაუმჯობესება, მოტივაციის ამაღლება, ხელფასების ზრდაა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა გაიხსენა, რომ მას ჰყავდა რამდენიმე პედაგოგი, რომელთაც ძალიან შეაყვარეს საგანი და დიდ სიხარულს განიცდიდა, როდესაც მათ გაკვეთილს აბარებდა.
პრემიერის თქმით, ასევე იყვნენ ისეთები, რომლებიც ნაკლებად მოტივირებულები იყვნენ და მათი გაკვეთილი ნაკლებად საინტერესო იყო. “ჩვენი სახელმწიფოს როლი არის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მასწავლებლის გაძლიერებას. დღევანდელი დღის მთავარი სლოგანი არის სწორედ “მასწავლებლის გაძლიერება – მდგრადი საზოგადოების შენება”. ამაში არის ჭეშმარიტება, თუ გვაქვს ამბიცია, რომ გვყავდეს ძლიერი და განათლებული მომავალი თაობა, ჩვენი ვალია, რომ, პირველ რიგში, პედაგოგებს დაგეხმაროთ და ყველა პირობა შეგიქმნათ, რათა იყოთ მოტივირებულები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, “მეც და განათლების მინისტრიც ვართ ისეთ ასაკში, რომ სწავლა არ გვაწყენდა სიბერემდე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები