დავით კერესელიძე: საქართველოს დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ მონაწილეობას განაგრძობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ ჟენევის მოლაპარაკების 33-ე რაუნდი შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ მონაწილეობას განაგრძობს.
კერესელიძის თქმით, წინა რაუნდებზე დადებითი პრეცედენტები უკვე შეიქმნა.
„ქართული მხარე რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობის საკითხს დააყენებს“,-დასძინა კერესელიძემ.
როგორც მინისტრის პრესსპიკერმა აღნიშნა, მიმდინარე რაუნდზე საქართველოს დელეგაცია განსაკუთრებულ ყურადღებას გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს დაუთმობს.
„ქართული მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად, სათანადო ზომები იქნას მიღებული“,- განაცხადა კერესელიძემ.