ირაკლი ფირცხალავა: იურიმ თქვა, „ძაღლები“ არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ის, ვინც ბიჭები “ჩაუშვაო“

იურიმ თქვა, „ძაღლები“ არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს „ბოზი“, ვინც ბიჭები ჩაუშვაო, – აღნიშნული ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.
როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, 2006 წლის 2 მაისს, სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მასთან მივიდა აგენტი, რომელმაც ყაჩაღური თავდასხმის შესახებ ინფორმაცია კრიმინალურ პოლიციას მიაწოდა.
„შევხვდი ამ პიროვნებას, ძალიან შეშინებული იყო. მან მითხრა, რომ სპეცოპერაციის შემდეგ, იური ვაზაგაშვილმა შეკრიბა საძმაკაცო, მთელი ვეძისისა და დიღმის “კაი ბიჭებს” დაუძახა და ამ ამბის გარჩევა დაიწყო. იურიმ თქვა, მე „ძაღლები“ არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს „ბოზი“, ვინც ბიჭები ჩაუშვა. ბოზი უნდა მოკვდესო, – უთქვამს იური ვაზაგაშვილს. დავამშვიდე ეს ადამიანი, მივეცი ჩემი ნომერი და ვუთხარი, ნებისმიერ დროს დამირეკე, თუ რამე დაგჭირდა-მეთქი”, – აღნიშნა ფირცხალავამ.
პარალელურად გამოძიება მუშაობდა მეოთხე პიროვნების დადგენაზე, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, ყაჩაღურ დაჯგუფებას სამგორის ტერიოტორიაზე ელოდებოდა.
“ამ პიროვნებამ კიდევ მთხოვა შეხვედრა. მან ასეთი რამ მითხრა: გუშინ დიღომში იმყოფებოდა იური ვაზაგაშვილი მეგობრებთან ერთად. მათთან ერთად იყო კანონიერი ქურდი ჯემალ მამოიანიც და კიდევ მისთვის უცნობი ორი პიროვნებაც. ამ შეხვედრაზე მოვიდა ედუარდ სინდოიანი. იურიმ ჰკითხა, შენ ხარ ის მეოთხე პირონება, ვინც ამათთან ერთად უნდა ყოფილიყავიო? ამის თქმა და იური ვაზაგაშვილმა სინდოიანს ცემა დაუწყო. სინდოიანი ფეხზე წამოხტა. მე ხელს არ შემოგიბრუნებ, ქურდთან შევხვდებითო. ჯემალ მამოიანს ვაზაგაშვილისთვის უთქვამს, ქურდებთან ეს საქმე შენს წინააღმდეგ გადაწყდება, იმიტომ, რომ ამ პიროვნების წინააღმდეგ არაფერი გვაქვს. ამაზე თანხმობა განაცხადა იურიმ და ხელი ჩამოართვა სინდოიანსო. ჩემთვის უკვე ცნობილი გახდა მეოთხე პიროვნების ვინაობა, ვისაც გამოძიება ეძებდა”, – განაცხადა ფირცხალავამ და დასძინა, რომ სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ედუარდ სინდოიანი. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები: კახბერ ნაკანი, ირაკლი ფირცხალავა, ლევან ბეროძე, გიორგი ცააძე და გრიგოლ კვინიკაძე არიან ბრალდებულები. დაკავებულებს ბრალად ე.წ. კორტების საქმეზე განზრახ მკვლელობა, მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და განზრახ უკანონოდ დაკავება ედებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები