“თავისუფალი დემოკრატები” საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები” გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოსდა, პარტიის მარნეულის საკრებულოს დეპუტატებმა “დემოკრატები” დატოვეს, განცხადებას ავრცელებს.
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განმარტებაშია აღნიშნული, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულის საკრებულოში დაიშალა ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები”, ამასთან პარტიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ფრაქცია ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში დაიშალა.
“მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ისპან ქარიმოვი, რომელიც სამი კვირის წინ მარნეულის ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს, სხვა წევრებთან ერთად, საქმიანობას განაგრძობს, რაც შეეხება რამიზ გულმამედოვს – ის თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა გამგეობის მიერ, რისი მიზეზიც მისი არაეფექტური მუშაობა და კოალიცია ,,ქართულ ოცნებასთან” ფარული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გახდა. ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულის საკრებულოში დაიშალა ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები”, ვინაიდან აღნიშნული ფრაქცია ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში დაიშალა. მას შემდეგ, რაც ,,თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია დატოვეს, გულმამედოვის ხელმძღვანელობით მარნეულის რაიონულ ორგანიზაციაში პრაქტიკულად არანაირი სამუშაო არ ტარდებოდა. სწორედ ამიტომ გიულმამედოვმა გამგეობის სხდომაზე მიიღო სიტყვიერი გაფრთხილება, რასაც მოყვა მისი ულტიმატუმი და მუქარა – თუ მას თავმჯდომარეობიდან გადააყენებდნენ, ის ,,ქართულ ოცნებაში” გადავიდოდა. დღევანდელი მისი განცხადებით დადასტურდა მისი კავშირები კოალიციასთან”, – ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში.