„საქართველოს საჰაერო სივრცეს რუსეთის თვითმფრინავები კვეთენ, რომელთაც სირიაში აღჭურვილობის გარკვეული ნაწილი გადააქვთ“
„სირიაში საჰაერო დარტყმებისას რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეს არ იყენებს. რუსეთი სირიის ტერიტორიას მათსავე ტერიტორიაზე განლაგებული საავიაციო ბაზიდან ბომბავს. საქართველოს საჰაერო სივრცეს კვეთენ სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომელთაც აღჭურვილობა გადააქვთ. შეიარაღების 90% სირიაში საზღვაო გზით ჩაიტანეს“, – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ რუსეთისა და მისი ვირტუალური მოკავშირეების, მათ შორის არაბული სამყაროს სამხედრო გზები გადაიკვეთოს. არეშიძის შეფასებით, ის, რომ რუსეთი შიიტების მხარეზე ებრძვის სუნიტებს, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს.
„რუსეთი ქმნის კოალიციას ირანთან და სირიასთან. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი კოალიციას აყალიბებს შიიტებთან, რაც სუნიტების გაღიზიანებას იწვევს. სირიის მოსახლეობის 60% სუნიტია. რუსეთში მაცხოვრებელი მუსულმანების გადამწყვეტი ურავლესობა არის სუნიტი. რუსეთმა ჯერჯერობით ვერ გამონახა საერთო ენა ქურთებთან. რუსეთი შიიტების მხარეზე ებრძვის სუნიტებს, რასაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს. არ არის გამორიცხული, რუსეთისა და მისი ვირტუალური მოკავშირეების სამხედრო გზები გადაიკვეთოს. მე ვგულისხმობ მეორე კოალიციის წევრების სამხედრო ძალებს, იგივე არაბულ სამყაროს, იორდანიას, საუდის არაბეთს, კატარს, აშშ-ს, საფრანგეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.