ოთარ დანელია: წელს ჩვენ გვაქვს 8 015-ე რთველი
ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია დღეს, ძალიან ბევრი გარემოების გამო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ წელს ჩვენ გვაქვს 8 015-ე რთველი, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომელმაც “ქართული ღვინის დღის ფარგლებში” დღეს, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისში ქართული ღვინის ცენტრი გახსნა.
“მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ქართული ღვინის დღე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამკვიდრდა.
ჩვენ სიმბოლურად დავამთხვიეთ დღეს ღვინის ცენტრის გახსნა. აქ არის წარმოდგენილი საკმაოდ საინტერესო პროფესიული მიმართულებები, როგორიც არის ღვინის სადეგუსტაციო სივრცე, ენოთეკა, რომელიც უძველესია და ჩვენ განვაახლეთ და პირველადი სახე დავუბრუნეთ; ასევე, ღვინის მუზეუმი, რომელიც არის პირველი ანალოგი საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ჩვენ ვართ ღვინის ქვეყანა, ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს ტრადიცია მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ დანელიამ.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მეორე წელია, 4 ოქტომბერს “ქართული ღვინის დღე” აღინიშნება.