რუსთავში სპეციალური კომისია ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის
რუსთავის მერიაში არსებულმა სპეციალურმა კომისიამ წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა დილიდან დაიწყო.
როგორც რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ ნოდარ შეროზიამ განაცხადა, ნალექი იმდენად დიდი იყო, ახლად გაკეთებული არხის მიუხედავად რამდენიმე ქუჩა მაინც დაიტბორა.
წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში რამდენიმე ქუჩა, თოდრიას წრე, ლეონიძე და მესხიშვილი დაიტბორა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო. მთელი ღამის განმავლობაში ადგილებზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სახანძრო სამსახურები, აქტიურად მიმდინარეობდა დაგროვილი წვიმის წყლის ამოტუმბვა და სანიაღვრე ჭების გაწმენდა.