კახა კახიშვილი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი იუსტიციის სასწავლო ცენტრში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-18 სხდომას დაესწრო.
როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, სხდომას საკოორდინაციო საბჭოს წევრები – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე, არასამთავრობო, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე საქართველოს კანონმდებლობაში სრულიად ახალი სისტემის ბრალდებულთა პრობაციის ინსტიტუტის შემოღების თაობაზე ისაუბრეს. სამსახურის ფუნქცია იქნება ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, არსებული რისკების შეფასება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და სასამართლოსთვის ბრალდებულის მიმართ გამოსაყენებელი აღკვეთის ღონისძიების თაობაზე რეკომენდაციის მიწოდება. გარდა ამისა, სხდომის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ.
კახა კახიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რათა ნაკლები ადამიანი აღმოჩნდეს ციხეში, ხოლო იმ ადამიანების რესოციალიზაციისთვის, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდებიან, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს.
„დაგეგმილია და ძალიან მალე გაიხსნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში სამაჯურების მონიტორინგის სისტემა. ახლა ვმუშაობთ წინასასამართლო დასკვნებზე, კერძოდ პრობაცია, როგორც ერთ-ერთი ნეიტრალური მხარე მოამზადებს წინასასამართლო დასკვნებს კონკრეტულ ბრალდებულებთან დაკავშრებით, რათა მოსამართლეს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია, რომელსაც შემდგომში პროცესის მსვლელობის დროს გადაამოწმებს დაცვის და ბრალდების მხარეებთან და მაქსიმალურად ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალიან დიდი რეფორმებია დაგეგმილი მართლმასჯულების კუთხით, დიდი ნაწილი უკვე განხორციელდა, მაგრამ კიდევ ბევრი ამბიციური გეგმა გვაქვს, იმასთან დაკავშრებით, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ჩვენი კანონმდებლობა მივიდეს დემოკრატიულ სტანდარტებამდე,“-განაცხადა სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრმა.
სხდომის მონაწილეებს წარედგინათ ინფორმაცია პროკურორთა გადამზადების 2016-2017 წლების სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია როგორც პროფესიული ცოდნის, ისე შესაბამისი პრაქტიკული უნარების განვითარება;
გარდა ამისა, 2016-2017 წლების სტრატეგია მიზნად ისახავს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში სწორად დანერგვის ხელშეწყობას. პროკურორთა გადამზადების სტრატეგიის მიხედვით, აქცენტი გაკეთდება ადამიანის უფლებათა და პროფესიული ეთიკის სტანდარტების, სამართლებრივი წერისა და სასამართლო უნარების განვითარებაზე.
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ჩაუტარდებათ სპეციალიზებულ პროკურორებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ოჯახური დანაშაულის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებით; სისტემის სტაჟიორებისა და ახალდანიშნული პროკურორებისათვის განხორციელდება ინტენსიური სასწავლო მომზადება; დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აქცენტი გაკეთდება პროკურატურის შიგნით ტრენერთა მომზადებასა და ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვაზე; ამასთან, იგეგმება მუშაობის დაწყება ელექტრონული ბიბლიოთეკისა და სხვა ელექტრონული პროდუქტების განვითარებაზე.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“, კავშირი „21-ე საუკუნე“, ციხის საერთაშორისო რეფორმა, სახალხო დამცველის აპარატი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროკავშირის პროექტი „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები