თბილისის ბინების განაწილების კომისიამ მუშაობა დაიწყო

თბილისის ბინების განაწილების კომისიამ მუშაობა დაიწყო. თბილისში „ჰუალინგ ჯგუფისა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ობიექტებზე ბინების მიღების მოთხოვნით განაცხადი 13 000 დევნილმა ოჯახმა შეავსო.
„სიების დაზუსტების პროცესში აღმოჩნდა, რომ ბევრმა განაცხადი ორჯერ ან მეტჯერ შეავსო, ან ოჯახების გაერთიანება განაცხადის შევსების შემდეგ გადაწყვიტეს, რამაც გამოიწვია აპლიკანტების რაოდენობის შემცირება.
საბოლოო მონაცემებით, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 10 010 დევნილი ოჯახი ელოდება ბინის მიღებას. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მინიჭებული ქულების საფუძველზე, შეირჩა ყველაზე მაღალი ქულების მქონე ის დევნილი ოჯახები, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს. მონიტორინგის სამსახური 18 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე მუშაობდა, რის შემდეგაც მოკვლეული მასალები, განსახილველად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. ამ კომისიის მუშაობა 21 სექტემბერს იწყება და ის 28 სექტემბრამდე გაგრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:
1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;
2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;
3. კრიტერიუმების შესაბამისად დევნილთა გრძელვადიანი განსახლება. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმის შევსებაა, რის საფუძველზეც დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭებათ.
გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად, შედიან სახალხო დამცველის აპარატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), რომელიც 4 ორგანიზაციას აერთიანებს, ასოციაცია „თანხმობა“, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ის ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისთვის. მუშაობის პროცესში კომისიის წევრები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული დევნილი ოჯახის მონაცემებსა და მონიტორინგის შედეგებს. გადაწყვეტილება კი ხმათა უმრავლესობით მიიღება, თუ კონკრეტულად, რომელ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ ბინები. გადასაცები ბინის ოთახების რაოდენობა სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
იქიდან გამომდინარე, რომ ერთი და ოროთახიანი ბინების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა, შესაბამისად, ასეთი ტიპის ბინებზე გამსვლელი ქულების რაოდენობაც გაცილებით მაღალია სამ და ოთხოთახიან ბინებთან შედარებით.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს დაექვემდებარნენ: 1. ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინის კანდიდატები – 8 და მეტი ქულა; 2. სამოთახიანი ბინის კანდიდატები – 6,5 და მეტი ქულა; 3. ოთხოთახიანი ბინის კანდიდატები – 1 და მეტი ქულა. კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდება 537 დევნილი ოჯახი, რომლებსაც ბინები გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები