„ეს გადაწყვეტილება გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას არ გულისხმობს“

საია-ს აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, უნდა განმარტოს, თუ რატომ აუარა გვერდი მერაბ ტურავას ხელმოწერას.
მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას ხელმოწერის გარეშე შეეძლო გამოეცხადებინა გადაწყვეტილება.
გვარამაძე ასევე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას არ გულისხმობს. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, არ გულისხმობს იმას, რომ გიგი უგულავა გუშინვე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უნდა გათავისუფლებულიყო. გვარამაძე განმარტავს, რომ გიგი უგულავას გათავისუფლებაზე უნდა იმსჯელოს საქალაქო სასამართლომ და არა საკონსტიტუციო სასამართლომ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ საკანონმდებლო ნორმების შესახებ და არა კონკრეტული პირის საქმის თაობაზე. “არსებობს ორი გზა: ერთი – მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯოს საკითხი და გაათავისუფლოს გიგი უგულავა, ან დაცვის მხარემ მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით და მის საფუძველზე გაათავისუფლოს თბილისის ყოფილი მერი. იურისტი განმარტავს, რომ თეორიულად რჩება შესაძლებლობა, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა, ამ შემთხვევაში დაცვის მხარეს რჩება შესაძლებლობა, რომ მიმართოს სააპელაციო სასამართლოს. საერთო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე ეს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება”, – განაცხადა თამარ გვარამაძემ საიას ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გმოცხადების პროცედურებს, თამარ გვარამაძის განმარატებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღება მოსამართლეთა ხმათა უმრავლესობით, ხოლო ფორმალურ მოთხოვნას, რომ აუცილებელია კენჭისყრაში მონაწილე ყველა მოსამართლის ხელმოწერა, სასამართლომ გვერდი აუარა. კითხვაზე, თუ რატომ განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ 15 სექტემბერს, რომ მერაბ ტურავას ხელმოწერის გარეშე ვერ გამოაცხადებდა გადაწყვეტილებას, ხოლო მეორე დღეს მისი ხელმოწრის გარეშე გამოაცხადა გადაწყვეტილება, იურისტი პასუხობს, რომ უნდა განმარტოს, საკონსტიტუციო სასამართლომ, თუ რატომ აუარა გვერდი მერაბ ტურავას ხელმოწერას. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე “გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების, ან ბრალის წაყენების საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები