ავჭალაში კეცხოველის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟრიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ ამავე რაიონის გამგებელთან – ბესიკ ქარცივაძესთან ერთად კეცხოველის ქუჩაზე ჩატარებული საგზაო სამუშაოები მოინახულა.
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„დღეს ჩვეულებრივი სამუშაო დღეა და ბიუროში მოსახლეობის მიღება დილიდან არ შემწყდარა.
რაიონის გამგებელთან და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, გადავწყვიტეთ, პირადად შევხვედროდით კეცხოველის ქუჩის მოსახლეობას, რათა ადგილზე დაგვეთვალიერებინა და შეგვეფასებინა ამ ქუჩაზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ამჟამად კეცხოველის ქუჩაზე მოწესრიგდა გზის საფარი, მიწის ზედაპირი 5000 კვ.მ ფართობის გზის მონაკვეთზე მოიჭრა და სრულად დამუშავდა. მთლიანად მოიხსნა დაზიანებული ასფალტი და გრუნტი. აგრეთვე, მოეწყო ბორდიურების ახალი ზოლი და დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი“,-აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, რაიონში სხვა ღონისძიებებიცაა დაგეგმილი. მათ შორის, კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია.
როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას სარაჯიშვილის გამზირზე.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამგეობამ ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოყო, ხოლო სამუშაო სს საგზაო კომპანია ,,თბილისმა“ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები