მანანა კობახიძე: ამ ნორმით ასეულობით პატიმარი ჰყავდათ ციხეში გამოკეტილი

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომელიც სწორედ წინა ხელისუფლების დროს მიიღეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებას ეხმაურება.
როგორც მანანა კობახიძე წერს, ამ ნორმით ასეულობით პატიმარი ციხეში იყო გამოკეტილი და არცერთ ადვოკატს მაშინ აღნიშნული ნორმა არ გაუსაჩივრებია.
“საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომელიც სწორედ წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული და ამ ნორმით ასეულობით პატიმარი ჰყავდათ ციხეებში გამოკეტილი, არცერთ ადვოკატს მაშინ (არც მე მათ შორის) აღნიშნული ნორმა არ გაუსაჩივრებია, შეიძლება იმიტომ, რომ მასში ანტიკონსტიტუციურობა ვერ დაინახეს, ან უფრო იმიტომ, რომ რეჟიმის პირობებში ასეთ სარჩელს დასაშვებადაც კი არ ცნობდა სასამართლო და ამის უამრავი მაგალითი არსებობს, მაგალითად, მოლაშვილის საქმე, რომელსაც პირადად ვაწარმოებდი და მახსოვს, ახალაიას უწყებამ სასამართლო პროცესზეც კი არ მოიყვანა მაშინ პატიმარი… დღეს თუ სასამართლო და მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების წნეხისგან თავისუფალია და ასეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს, ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი აღარ არის ამ ქვეყანაში და ეს მხოლოდ კარგია! კარგია, თუკი ეს ნორმა მართლაც არაკონსტიტუციური იყო და ის სასამართლომ სწორედ ასეთად ცნო, მაგრამ აქ მთავარი მაინც ის არის, მართლაც, შინაგანი რწმენით, სამართლის პრინციპებით და ღირებულებებით, დამოუკიდებლად და თავისუფლად მიიღეს ინდივიდუალურმა მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება, თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აღებული რაიმე ვალდებულებებით, მათთან კავშირებით, მეგობრობით. რა ვქნა, არ მჯერა, რომ სასამართლო და პირადად პაპუაშვილი წარსულის გავლენისგან თავისუფალია, ეს მძიმე წარსული, როგორც ჩანს, ბევრჯერ შექმნის კიდევ პრობლემას! რაც შეეხება უგულავას გათავისუფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის პირდაპირ მისი გათავისუფლების საფუძველი, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მხოლოდ საერთო სასამართლოა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით, და რაც მთავარია, სასამართლოს განაჩენია ჯერ კიდევ წინ, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს, ყოფილი მერი იქნება თავისუფალი თუ მოიხდის სასჯელს“,- წერს მანანა კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები