მერაბ ტურავა: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის კაზუსი

მე როგორც იურისტს მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის კაზუსი, – ამის შესახებ მოსამართლე მერაბ ტურავამ, გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „კვირას“ განუცხადა.
როგორც ტურავამ აღნიშნა,  მან არ იცის, რის საფუძველზე გამოაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება, როცა კანონი პირდაპირ ამბობს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ ცხადდება, რაც მას ყველა, ანუ ცხრავე მოსამართლე მოაწერს ხელს.
„გადაწყვეტილების მიღებაში ვმონაწილეობდი, მაგრამ გადაწყვეტილებისთვის ხელი არ მომიწერია. მე არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელი არ მომიწერია, მაინც გამოეცხადებინათ ამ სახით გადაწყვეტილება. მე ამის შესახებ მათგან არავითარი არგუმენტი არ მომისმენია. ამიტომ ჩემთვის ძნელია იმის თქმა, თუ რა სამართლებრივი პრინციპით იხელმძღვანელეს. ამიტომ ჩემთვის ძნელია კომენტარის გაკეთება, როცა მათთან ამ საკითხზე არ მისაუბრია ჯერაც. ფაქტი ერთია: გადაწყვეტილებას ხელი 9 მოსამართლის მაგიერ, მოაწერა რვამ“, – განაცხადა ტურავამ.
არის თუ არა გადაწყვეტილება უკანონო, ტურავას თქმით, ამას იურისტები შეაფასებენ, თუმცა, მისთვის, როგორც იურისტისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება კაზუსია.
„არის თუ არა ეს გადაწყვეტილება უკანონო, ამას იურისტები შეაფასებენ. მე რომ ამ გადაწყვეტილების კანონიერება თუ უკანონობა შევაფასო, შესაძლოა, ჩემი აზრი მიჩნეულ იქნეს სუბიექტურ აზრად, რადგან ჩემი აზრი და პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით ცნობილია. მე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ არ უნდა მოაწერათ ხელი. მე მაინტერესებს ჩემი კოლეგების არგუმენტაცია, მე არავითარი პრობლემა არ მაქვს. ადამიანი იმ გადაწყვეტილებას იღებს, რაც სწორად მიაჩნია. მე აუცილებლად დავინტერესდები იმ არგუმენტებით, რაც აქვთ. მე, როგორც იურისტი, მიმაჩნია, რომ ეს არის კაზუსი. კაზუსია ის, რომ არ ვიცი, მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება თუ არა ხელის მოწერა, ალბათ, არა. არადა, გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა საინტერესოა, გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ჩემი ხელმოწერის გარეშე, თუ უნდა მოვაწერო ხელი?! კანონი ამბობს, რომ გადაწყვეტილება გამოცხადდება მას შემდეგ, რაც ყველა, ანუ ცხრავე მოსამართლე მოაწერს ხელს“, – აცხადებს მოსამართლე მერაბ ტურავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პროცესს პლენუმის 8 წევრი ესწრებოდა. მოსამართლე მერაბ ტურავა სხდომაზე არ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები