თინა ხიდაშელი მეჭიაურის განცხადებაზე: რა სირცხვილია ეს ყველაფერი

რა სირცხვილია, ღმერთო, ეს ყველაფერი, რა სირცხვილია. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ მასწავლიდნენ, პარლამენტი სარკეაო, ის ისევე ყველანაირი ხალხისგან შედგება, როგორც საზოგადოებაო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის შესახებ.

მეჭიაურმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს “ენჯეოელი სოროსელი” უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების ხშირმა გამოყენებამ თავად მეჭიაური და საზოგადოება დაღალა.

მინისტრმა ხიდაშელმა მის განცხადებას სირცხვილი უწოდა და დასძინა, რომ საქართველოში ბოლოს მაინც სიკეთე, პროფესიონალიზმი და ჯანსაღი აზრი იმარჯვებს.

“ეს წუთია სახლში მოვედი, შემოვიხედე და მივხვდი რა ბედნიერებაა ხანდახან ტელევიზორს რომ ვერ უყურებ. ეს რაები უთქვამთ დღეს და რაები გავიგე. ერთმა ძალიან სუპერ პატრიოტმა სუპერ გულზემჯიღისმცემელი ტელევიზიის სუპერ პატრიოტული გადაცემიდან გვითხრა, რომ გახსნას რუსეთმაც საწვრთნელი ცენტრი საქარველოში, ისინიც ხომ პარტიონები არიან, ვინ დაუშალათო. ყოფილი თავდაცვის მინისტრი მედავებოდა თურმე იმაზე, რომ პრეზიდენტი მთავარსარდალი არ არის, მისი ასეთად მოხსენიება დაკნინებაა, მთავარსარდალი კაპანაძეაო. მაგრამ ეს იმასთან შედარებით რა არის, რაც ჩემს ყოფილ კოლეგას უთქვამს დღეს პრეზიდენტზე. და რა სირცხვილია, ღმერთო, ეს ყველაფერი, რა სირცხვილია. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ მასწავლიდნენ, პარლამენტი სარკეაო, ის ისევე ყველანაირი ხალხისგან შედგება, როგორც საზოგადოებაო. მაგრამ ძალიან მორალისტად თუ არ გამოვჩნდები, სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება რატომ გვგონია ხოლმე რომ ღირსებას გვანიჭებს, ეს ვერ გამიგია მაინც. რა ვიცი, რა ვიცი. არადა რა დიდებული საღამო გვქონდა, ჩვენს ნატოელებთან ვიყავით, მეგონა საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარი ქვეყნის აწმყოთ შეწუხებულ ადამიანებთან ვიყავი, რომლებიც ჩვენთვის გამოსავლის, მეტი უსაფრთხოების პოვნისთვის შრომობენ. რაღაც კარგიც ხდება ამ ქვეყნად და ეს მამშვიდებს მხოლოდ. ძილი ნებისა, ჩემო მეგობრებო. ტკბილ ძილს გისურვებთ, ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენს ქვეყანაში ბოლოს მაინც სიკეთე, რაციონალური აზრი, ერთგულება, წესიერება და პროფესიონალიზმი იმარჯვებს ხოლმე!” – წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები