ტყიბულის შახტაში მორიგი აფეთქება მოხდა – დაშავებულია 2 მეშახტე
“კომპანია ჯი-აი-ჯის კუთვნილ შახტში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი მეშახტე დაშავდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ავრცელებს.
მისი თქმით, დაშავებული მეშახტეებიდან ერთ-ერთმა სხეულის 24 პროცენტიანი დამწვრობა მიიღო და დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.
შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა.
პარლამენტის დეპუტატი შახტების ადმინისტრაციას შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვისაკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით ტყიბულის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე კომპანია “ჯი-აი-ჯის” მოუწოდებს, მეტი ყურადღება მოაქციოს შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას.
“სულ რამდენიმე დღეში ტყიბულში მეშახტის დღე უნდა აღინიშნოს, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, საზეიმოდ ნაკლებად გვაქვს საქმე. საწარმოში, რომელიც ტყიბულის არსებობის საფუძველს წარმოადგენს და რომელიც 2006 წელს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პარტიულ თანამებრძოლ დავით ბეჟუაშვილს გადასცა, თითქმის ყოველწლიურად იღუპებიან ადამიანები. ყველა მოკვლევა “ადასტურებს”, რომ ეს ადამიანები შემდეგ თავად არიან ხოლმე “დამნაშავენი”, მოკვლევის ავტორები და ტექნიკური ექსპერტები კი პირდაპირ ტექნიკური უნივერსიტეტიდან და ეკონომიკის სამინისტროდან ინაცვლებენ კომპანია “ჯი-აი-ჯი”ში მაღალ თანამდებობებზე. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი დათმო ამ ადამიანებთან სამუშაო ადგილებისა და საქმის გადასარჩენად, თუმცა ეს ყოველივე არასწორად იქნა გაგებული. ნამდვილად ვერ ვხედავთ პომპეზურად მეშახტის დღის აღნიშვნის საფუძველს იქ, სადაც ათობით დასახიჩრებული მეშახტე, დაქვრივებული ქალი და მარჩენალდაკარგული ადამიანი 2006 წლის შემდეგ უშედეგოდ ელოდებოდა დახმარებას”, – აცხადებს ელისო ჩაფიძე.
მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლება საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს შახტებში დაზარალებულ ადმიანებზე ზრუნვას. ამას მოწმობს ის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით 500-მდე ადამიანს აღუდგა ე. წ. რეგრესის პენსია, ხოლო 15 სექტემბრიდან უკვე მარჩენალდაკარგული ქალბატონებიც მიიღებენ დახმარებას.
“პარლამენტმა საკმაოდ პროგრესული შრომის კანონთა კოდექსი მიიღო, მაგრამ დასაქმების ადგილების სიმცირე დასაქმებულებს არ აძლევს საშუალებას, დამსაქმებლის მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო იდავოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ შახტებში, სადაც ხელფასები ბოლო ორი წლის მანძილზე საშუალოდ 20 პროცენტით შემცირდა, საზეიმო ბევრი არაფერია. ვფიქრობ, მეშახტეებს ნამდვილად უჯობთ, ხელფასები გაუზარდონ და თავად გადაწყვიტონ, რომელ შემოქმედებით ჯგუფს მოუსმინონ”, – აღნიშნავს ელისო ჩაფიძე.