ფოთში მოსულმა უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დატბორა

გუშინ ფოთში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები დატბორა.

ზოგიერთ უბანში კი წყალმა საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაფარა.

როგორც „კვირას“ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ განუცხადა, ამ დროისთვის ფოთის ცენტრალური ქუჩებიდან წყალი სრულად გადინებულია და საავტომობილო მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება.

მისივე თქმით, გუშინ, საღამოს გადაუღებელად წვიმდა, რასაც სატუმბი სადგურები ვერ მოერია და სწორედ ამან გამოიწვია ცენტრალური ქუჩების დატბორვა, თუმცა დაახლოებით ორ საათში საკითხი მოგვარებული იყო. როგორც მან აღნიშნა, ყველა სატუმბი სადგური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

უხვმა ნალექმა მოსახლეობაც საგრძნობლად დააზარალა. როგორც თოფურიამ განაცხადა, პირველ სართულებში შევარდნილმა წყალმა ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთები გაუნადგურა, გარდა ამისა, არის რამდენიმე ოჯახი, რომელთაც სახლის სახურავები დაუზიანდა.

მისივე მტკიცებით, დაზარალებულთა აღრიცხვა ამ დრომდე მიმდინარეობს და ადგილობრივი ხელისუფლება თითოეულ ოჯახს დაეხმარება. ძლიერი წვიმის მიუხედევად ფოთის მაცხოვრებლებს ელეტქროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები