შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1982 წელს დაბადებული მიხეილ კ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიხეილ კ-მ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების საკურორტო დასახლება შეკვეთილში, სასტუმრო „ოლიმპის“ ერთ-ერთ ნომერში უკანონოდ შეაღწია და მოქალაქის კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი მოიპარა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ კი ბრალდებულმა შეკვეთილში, სასტუმრო „გურია პალასის“ ერთ-ერთი ნომრიდან მოქალაქის კუთვნილი, „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიხეილ კ. შეკვეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).