თბილისის მერიამ ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 34 ოჯახს ხელშეკრულება უკვე გაუფორმა
ომარ ხურციძის ოთხსულიანი ოჯახი ერთ-ერთია, ვინც 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაკარგა. თბილისის მერიის ინფორმაციით, წყნეთის ხევში მცხოვრებმა ხურციძეებმა დღეს ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„ეს გახლავთ უკვე 34-ე ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა სტიქიის შედეგად დაზარალებულებთან. ხურციძეების ოჯახმა დღეს თანხმობა განაცხადეს მათ საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტის მიერ გამოსყიდვის თაობაზე. შესაბამისი თანხა მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ანგარიშზე ხვალ აისახება. 33 ოჯახს, რომლებსაც მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა, თანხა ჩარიცხული აქვთ, აქედან 12-მა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა უკვე შეარჩია და შეიძინა,“ – განაცხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ.