“სითი პარკის” ადვოკატი: დაკავებულები გამართლდებიან
კომპანია „სი-თი პარკის“ ადვოკატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კომპანიის თანამშომლები, რომლებიც სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს გამართლდებიან.
მისივე თქმით, “სითი პარკის” თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ავტომობილში, რომელიც მათ საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს, არასრულწლოვანი იმყოფებოდა.
მდინარაძის განმარტებითვე, მანქანის უკანა მინები დაბურული იყო. მას შემდეგ, რაც კომპანიის თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ავტომობილში ბავშვი იყო, საპატრულო პოლიციას თავად დაუკავშირდნენ.
„ეს ქმედება, რა თქმა უნდა, არ არის კარგი და შეცდომაა – რომ ბავშვიანი ავტომანქანა „სი-თი პარკის“ სამმა თამანამშორმელმა გადაიყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე, მაგრამ ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია, რომ ეს მათ განზრახ ჩაიდინეს.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ პროკურატურა არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ბრალზე უარს არ იტყვის, თავის სიტყვას სასამართლო იტყვის და ისინი გამართლდებიან“, -აღნიშნა მდინარაძემ.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით კომპანია „სი-თი პარკის“ სამი თანამშრომელი – 1976 წელს დაბადებული ლევან გ, 1992 წელს დაბადებული დიმიტრი ლ. და 1990 წელს დაბადებული თორნიკე კ. თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ „სი-თი პარკის“ თანამშრომლებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს პარკირების წესების დარღვევით მდგარი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც, სავარაუდოდ, მძინარე არასრულწლოვანი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ კომპანიის კერძო ავტოსადგომზე, სადაც გაირკვა, რომ ავტომანქანის სალონში საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2004 წელს დაბადებულ ლუკა ს-ს ეძინა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ლუკა ს. მშობლებს უვნებლად ჩააბარეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით).