ლაგოდეხში რეინჯერი, რომელიც თანამშრომელმა დაჭრილი აღმოაჩინა, გარდაიცვალა
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში სამონადირეო მეურნეობის დაჭრილი რეინჯერი მისივე თანამშრომელმა იპოვა.
დაჭრილი, 1971 წელს დაბადებული გიორგი ჩ-ძე, ლაგოდეხის რაიონულ საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს ჭრილობები მიყენებული.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით გიორგი ჩ-ძის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი ამოიღეს. როგორც „კვირას“ შსს- ში განუცხადეს, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. მოკვლეული მასალებისა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, რეინჯერს იარაღი თავად გაუვარდა და სასიკვდილო ჭრილობები მიიყენა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.
ამ დროისათვის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და იგი ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.