შსს-ს აკადემიაში „ღია კარის“ დღე გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებისთვის „ღია კარის“ დღე გაიმართა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაგისტრანტობის მსურველებს შსს-ს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე, აკადემიის სამართლის სკოლის უფროსი პაატა ტურავა და აკადემიის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.
მათ სტუდენტებს „საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის“ მიზნები და მნიშვნელობა გააცნეს და პროგრამის უპირატესობაზე ესაუბრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, აკადემიის პრორექტორმა და სამართლის სკოლის უფროსმა მაგისტრანტობის მსურველთა ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხეს.
„ღია კარის“ დღის მიზანი იყო შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამით მაგისტრანტობის კანდიდატთა დაინტერესება და არჩევანის აკადემიაზე გაკეთება.
სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია, 132 კრედიტს მოიცავს და შსს-ს აკადემიაში 2014 წლიდან მოქმედებს. პროგრამა მიზნად ისახავს უწყების მიერ სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გავრცელებას, სტუდენტებისათვის სამართლის სფეროში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მაღალკვალიფიციური და პროფესიული კადრების მომზადებას.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის“ დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმდებიან.
„ღია კარის“ დღეზე სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სამაგისტრო პროგრამის იმ სამი ძირითადი კომპონენტის შესახებ, რომელიც მას უპრეცედენტოს ხდის: უფასო სწავლება, სწავლის პერიოდში კვებით უზრუნველყოფა და რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის საცხოვრებელით უზრუნველყოფა, რომელიც შსს-ს აკადემიის ტერიტორიაზე მდებარეობს.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, ბიბლიოთეკა, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს. მაგისტრანტობის კანდიდატები ასევე დაესწრნენ იმიტირებული სპეცოპერაციის მიმდინარეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები