შეაიარაღებული პირი მატარებლის სადენებს იპარავდა – შსს-მ დანაშაული გახსნა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული იური ბ. ქურდობის ბრალდებით თეთრიწყაროს რაიონში დააკავეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებული მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალის მე-12 კილომეტრზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ თანამზრახველთან ერთად, მატარებლის სპილენძის საკონტაქტო სადენსა და გვარლს ე.წ. „ტროსს“ იპარავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ, ბრალდებულის თანამზრახველმა პოლიციის მისამართით გასროლა მოახდინა და გაქცევა მოახერხა, ხოლო იური ბ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველები თანამზრახველის დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. პოლიციამ მოპარული სადენები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 7300 ლარს შეადგენს, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები