ლანჩხუთში საპატრულო ეკიპაჟსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
გურიაში, კერძოდ კი ლანჩხუთში, წუხელ გვიან ღამით, საპატრულო ეკიპაჟსა და რუსეთის მოქალაქე ეთნიკურ ჩეჩნებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ისინი პატრულს არასათანადო მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. შემთხვევა ლანჩხუთის ცენტრში მანქანების გაჩერებას მოჰყვა, რომლიდანაც ერთ-ერთს რუსული სანომრე ნიშანი ჰქონდა. ინციდენტის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ პატრულის ყურადღება სანომრე ნიშანმა მიიქცია, მოქალაქეები პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმასაც აპროტესტებენ. შემთხვევის დროს ერთ-ერთი ქალი შეუძლოდ გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში რაიმე ტიპის დაპირისპირებას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მოქალაქეები მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.