საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის კვერცხუჯრედით შექმნილი ემბრიონი სუროგატის სხეულში განთავსდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გაყრილ მეუღლეებს შორის დავა, რომელიც გაყინულ ემბრიონს ეხებოდა, ცოლის სასარგებლოდ გადაწყვიტა. კერძოდ, სასამართლო კოლეგიამ აღიარა მოსარჩელე ლ.გ-ს უფლება მისი კვერცხუჯრედით შექმნილ ემბრიონზე და მოიპოვა მისი განკარგვის უფლება,- ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილ ცოლს ქმრის ნებართვის გარეშე მიეცემა საშუალება, გაყინული ემბრიონი სუროგატის სხეულში განთავსდეს. “კვირა“ საქალაქო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღიარა მოსარჩელე ლ.გ-ს უფლება, მისი კვერცხუჯრედით შექმნილ ემბრიონზე და მოიპოვა მისი განკარგვის უფლება. წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით ლ.გ-მ მიუთითა, რომ მოპასუხე ი.ჩ-სთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2010 წლიდან.
ქორწინების განმავლობაში, ლ.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, მოპასუხის ინიციატივით, წყვილმა მიმართა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას ინ-ვიტრო განაყოფიერებისათვის, სუროგატი დედის მეშვეობით. შედეგად, მოხერხდა ორივე მშობლის ბიოლოგიური მასალით შექმნილიყო 1 ემბრიონი, რომელიც სუროგატი დედის ორსულობისათვის მოსამზადებელი პერიოდის გავლამდე, გაყინეს. ქორწინებაში ყოფნის განმავლობაში წყვილს შორის არსებული უთანხმოება გამწვავდა და მოპასუხე ი.ჩ-მ უარი თქვა საერთო ემბრიონის სუროგატის სხეულში გადატანაზე. მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა საერთო ემბრიონზე მისი უფლების აღიარებისა და სუროგატის სხეულში გადატანის, სუროგატთან ხელშეკრულების დადებისა და სუროგატისა და კლინიკის შერჩევის ი.ჩ-ს თანხმობის გარეშე განხორციელების უფლების მოპოვებისათვის. მოპასუხე, წარმოდგენილი შესაგებელით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ განიხილა საქმეში წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობდა დავა 2 იდენტურ უფლებას შორის – გახდე ან არ გახდე მშობელი. თითოეული მათგანი თავისი მნიშვნელობიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ადამიანის არჩევანის თავისუფლების მნიშნელოვანი კომპონენტია. შესაბამისად, არჩევანის გაკეთებისას უნდა შეფასდეს ის კონტექსტი, რის გამოც ეს უფლებები უწევენ ერთმანეთს კონკურენციას.
სასამართლომ მიუთითა, რომ ბუნებრივი ჩასახვის პირობებშიც, შესაძლოა ამ უფლებათა კოლიზიის საკითხი დადგეს, რა დროსაც კანონმდებლობა ემბრიონის ბედს დედის დისკრეციის სფეროში აქცევს. შესაბამისად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც მამაკაცის პირადი ცხოვრების ასპექტი ქალისა თუ ემბრიონის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით გარკვეულწილად იზღუდება. ამასთან, მოსარჩელე ლ.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სადავო ემბრიონი წარმოადგენს მის ერთადერთ შანსს, გახდეს დედა და იყოლიოს გენეტიკური შვილი. ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები და აღიარა მისი უფლება გაყინულ ემბრიონზე, მისცა შესაძლებლობა მოპასუხე ი.ჩ-ს, თანხმობის გარეშე განახორციელოს ემბრიონის სუროგატის სხეულში გადატანა, სუროგატთან ხელშეკრულების დადება, სუროგატისა და კლინიკის შერჩევა. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები