ადვოკატი: გია სოსანაშვილი ამბობს, რომ საფრანგეთში სატელეფონო კონტაქტი მეგობრებთან ჰქონდა
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი ადასტურებს, რომ საფრანგეთში სატელეფონო კონტაქტი მეგობრებთან ჰქონდა, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში. ვაზაგაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, იგი ესაუბრა ამ თემაზე საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც ადასტურებს, რომ საფრანგეთში იგი მეგობრებს ესაუბრა. “გია სოსანაშვილმა განაცხადა, რომ ტელეფონი საკუთარი ნებით მიაწოდა გამოძიებას და უარი არ უთქვამს გამოკვლევაზე. პროკურატურისთვის ნაჩვენებია ის სახელები და გვარები, ვისაც სოსანაშვილი საფრანგეთში ესაუბრა. ესენი არიან მისი მეგობრები და გია სოსანაშვილი მიიჩნევს, რომ აბსურდულია მის მეგობრებში დამნაშავის ძიება და ეს პროკურატურამაც კარგად იცის”, – განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.
სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის პროკურორის, ლაშა ცქვიტარიას ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილე პირის დასადგენად. მისი განმარტებით, საუბარია პირზე, რომლის დნმ-ს კვალიც, სოსანაშვილის კვალთან ერთად, აღმოჩენილია იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიაზე, რომელითაც იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე, სოფელ ყარაფილაში ააფეთქეს. ლაშა ცქვიტარიას თქმით, პროკურატურამ აშშ -სა და საფრანგეთს გამოძიებაში დახმარების თხოვნით უკვე მიმართა.