მავნებლების წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებები მიმდინარეობს
თბილისში წიწვოვანი ხეების მავნებლების წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. იმ ადგილებში, სადაც ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ მავნებლებისგან დაავადებული და გამხმარი ხეების მონიშვნის, მოჭრისა და გამოტანის სამუშაოები უკვე ჩატარდა, სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაიწყო ფერომონიანი მწერსაჭერების განთავსება. დღეს, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ 10 ცალი პრეპარატიანი მწერსაჭერი კუს ტბის გზაზე, გამხმარი ნარგავებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე განთავსდა.
წიწვოვანი ნარგავების მავნებლების – ფიჭვის დიდი და პატარა ლაფნიჭამიას, კენწეროს და ექვსკბილა ქერქიჭამიების წინააღმდეგ 90 მწერსაჭერი კუს ტბის გზაზე, მთაწმინდის ფერდობზე და დაავადებული ხეებისგან გამოთავისუფლებულ სხვა ადგილებში ეტაპობრივად განთავსდება.
ნარგავებით განაშენიანებულ 1 ჰა ფართობზე თავსდება 4 ცალი ფერომონიანი მწერსაჭერი. თბილისის მასშტაბით მწერსაჭერები 24 ჰა ფართობზე განთავსდება.
ფერომონი მავნე მწერის ბიოლოგიის შესაბამისად დამუშავებული პრეპარატიანი მწერსაჭერია. ფერომონის მოქმედების პრინციპია მწერების მოზიდვა და დაჭერა, რითაც მავნებლის რაოდენობის შემცირებასთან ერთად ხდება გამრავლების თავიდან აცილება და პოპულაციის შესუსტება.
მავნებლები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას დედაქალაქის შემოგარენისა და ფერდობების როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ნარგაობისთვის. მათი დიდი ნაწილი სწრაფი გავრცელების პირობებში ხეების, განსაკუთრებით წიწვოვანი ნარგაობის ინტენსიურ ხმობას იწვევს. მავნებლებით წიწვოვანი ნარგაობის დაზიანების შემთხვევაში მათ გადასარჩენად აუცილებელია ფიტოსანიტარიული ღონისძიებების დროულად ჩატარება, რათა საშიში კერების ლოკალიზება, შემდეგ სრულფასოვნად დამუშავება მოხდეს და მავნებლები სხვა ჯანსაღ ხე-მცენარეებზე არ გავრცელდეს. აღნიშნული ღონისძიებაც მავნებლების შემდგომი გავრცელების შეზღუდვა-განადგურებისა და უკვე ჩატარებული სამუშაოების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ხორციელდება.