თამარ ტალიაშვილმა და ჯაბა სამუშიამ არქეოლოგიური სამუშაოები მოინახულეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსთან ია მაქაცარიასთან და არქეოლოგებთან ერთად წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა მამათა მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები მოინახულეს.
ისტორიული ადგილის კვლევა არქეოლოგებმა 1998 წელს დაიწყეს, თუმცა უსახსრობის გამო სამუშაოები რამდენჯერმე შეჩერდა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით კვლევა რამდენიმე დღეა განახლდა. არქეოლოგიური კვლევის შედეგად ტერიტორიაზე აღმოჩენილია ანტიკური ხანის უნიკალური აბანო, რომელიც ბუნებრივი თბილი წყლით მარაგდებოდა. საკვლევი ტერიტორია 1200 კვ.მ-ია და წარმოადგენს ძველი თბილისის იმ მონაკვეთს, სადაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს დედაქალაქს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ასეთი ობიექტების სიმრავლე დედაქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანია. დეპუტატის თქმით, არქეოლოგიური საბჭო მომავალშიც გეგმავს რამდენიმე ობიექტზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას.
„ეს ადგილი სულ მალე დედაქალაქის სტუმართათვის მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა. არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ, აქ თბილისის წარსულის ამსახველი ექსპოზიცია-მუზეუმი დაფუძნდება, ჩემთვის, როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარისთვის მნიშვნელოვანია როგორც თვითონ კულტურული ობიექტი, ასევე აქ მიმდინარე სამუშაოებში და მასში ახალგაზრდების ჩართულობა“, – განაცხადა დეპუტატმა.
არქეოლოგიური სამუშაოები თბილისის ბიუჯეტიდან ახალი ქვეპროგრამის – „თბილისში არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა“, ფარგლებში ძეგლის სრულყოფილი შესწავლისა და შემდგომში მათი აღდგენითი და სამუზეუმო-საექსპოზიციო სამუშაოების ჩატარებით საერთასორისო ტურიზმის ქსელში ჩართვის მიზნით ფინანსდება.
მონასტრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების პროექტი თბილისის მერიაში არსებულმა არქეოლოგიურმა საბჭომ გამოავლინა, რომლის ავტორი არქეოლოგი და ისტორიის დოქტორი მერაბ ძნელაძეა. გათხრებში, აგრეთვე მონაწილეობენ ახალგაზრდა არქეოლოგები, სტუდენტები და მოსწავლე-ახალგაზრდობა.
ჯაბა სამუშიას თქმით, წლების მანძილზე საბჭოთა პერიოდის შემდეგ, თბილისში მსგავსი გეგმაზომიერი არქეოლოგიური გათხრები არ წარმოებულა.
„წელს, პირველად არქეოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი გამოიყო. ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიის წარმოსაჩენად და ტურიზმის განვითარებისათვის მსგავსი ექსპედიციების აღდგენა“, – განაცხადა დეპუტატმა.
სამუშაოები მონასტრის ტერიტორიაზე წლის ბოლოსთვის დასრულდება, შესაბამისი ანგარიში კი თბილისის თვითმმართველობასა და საპატრიარქოს „ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრს“ დეკემბრის ბოლოს წარედგინება.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ 3 არქეოლოგიურ პროექტს აფინანსებს. სამუშაოები უკვე დაწყებულია „საჯოგის ნასახლარის“ ტერიტორიაზე. წლის ბოლომდე კვლევა დაიწყება „შახტახტისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები