თბილისის საკრებულოში ნარგავების ხმობის საწინააღმდეგო ღონისძიებების თემაზე შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში დედაქალაქში მწვანე ნარგავების ხმობისა და მცენარეთა დაავადებების გავრცელების შესაჩერებლად მორიგი შეხვედრა გაიმართა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაში ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის, ეროვნული სატყეო სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა აღნიშნა, რომ შეკრების მიზანია დაინტერესებული პირებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად სამსახურის მიერ განხორციელებული თუ განსახორციელებული აქტივობების შესახებ, ასევე თანამშრომლობის კონკრეტული გეგმების დასახვა. მისი თქმით, მხოლოდ სამსახურის შესაძლებლობებით იმ სამუშაოების დროულად ჩატარება, რომელიც ათასობით ზეხმელი ხის მონიშვნას, მოჭრას, გამოტანას და შემდეგ მათ შესაბამისი სახეობებით ჩანაცვლებას გულისხმობს, იქნება ძალიან რთული.
„პრობლემის სიმძიმიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ამის პრეცედენტი უკვე გვქონდა, როდესაც პარტიზან მებაღეებთან ერთად მთაწმინდის ფერდობზე 1200 დაავადებული ხე მოვნიშნეთ. ამ თანამშრომლობას ჩვენ, როგორც შევთანხმდით, გავაგრძელებთ და აუცილებლად გავაფართოვებთ, რადგან ეს არ არის ერთი კონკრეტული უწყებისა თუ სამსახურის საქმე, ეს ყველა თბილისელის, მთელი საზოგადოების პრობლემაა, ამიტომ საჭიროა ყველა ამ რესურსის კონსოლიდაცია. დროული და ერთობლივი მოქმედებით შევძლებთ შემოგარენის მწვანე საფარის გადარჩენას“ – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
ბიძინა გიორგობიანმა დამსწრეებს ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის მიერ ოფიციალურად რეკომენდებული და ადგილობრივ გარემოსთან ადაპტირებული ხეების სახეობების სრული ჩამონათვალი გააცნო. დაავადებული ხეების მონიშვნის, მოჭრისა და გამოტანის შემდეგ გამოთავისუფლებული ტერიტორია სწორედ ამ რეკომენდირებული და ნიადაგისა თუ კლიმატის მიმართ რეზისტენტული სახეობების ნარგავებით განაშენიანდება. დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით, მისასალმებელია ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში სამთავრობო და არასამთავრობო, საზოგადოებრივ სექტორს შორის სამოქალაქო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. ჩართულობის გაზრდისა და რესურსების მობილიზაციის მიზნით, მან აქტიური საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვისა და საზოგადოებრივი ფონდის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა. „დაპირისპირების რეჟიმში არსებული ურთიერთობა კარგია, რომ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადაიზარდა, რაც პრობლემის მოგვარების შესაძლებლობებს ზრდის.
თბილისის შემოგარენის ფერდობებზე მწვანე საფარის გადარჩენის პროცესში ჩართვისკენ სხვადასხვა საშუალებით, იქნება ეს სოციალური რეკლამა, ვიდეორგოლი თუ შესაბამისი პოლიგრაფია, უნდა ვუბიძგოთ ყველა იმ მოქალაქესა თუ კერძო კომპანიას, ვისაც ამის სურვილი ექნება, მაგრამ იქამდე ამ ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ ზუსტად, რაში მდგომარეობს პრობლემა და რა არის გამოსავალი“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეხვედრის მონაწილეები შეხვედრების მსგავს ფორმატში პერმანენტულად გამართვისა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.